Thursday, June 2, 2011

ფართოდ დაბრმავებული თვალები

უხსოვარ დროს, დედამიწის ერთ პატარა კუთხეში ყველანაირი ადამიანური გრძნობა, ემოცია, თვისება და ხასიათი შეიკრიბნენ. ცოტა ხანში მოწყენილობამ წასვლა დააპირა როცა სიგიჟემ თქვა: მოდი, დამალობანა ვითამაშოთო. ინტრიგამ კოპები შეკრა – ეგ რაღა თამაშიაო. სიზარმაცემ თქვა მეზარებაო, სიამაყემ იუკადრისა – არაო, მე არ შემეფერებაო. სიმართლემ დამალვას რა აზრი აქვს, მაინც ვერსად დაიმალებიო. სამაგიეროდ ენთუზიაზმი ეიფორიასთან ერთად აცეკვდა, სიხარულმა ხტუნვა დაიწყო. ბოლოს მაინც დაიწყეს დამალობანას თამაში.

პირველად სიგიჟე დაიხუჭა და მილიონამდე დაიწყო თვლა, სხვები დასამალად გაიქნენ. რწმენა ცაში აფრინდა, ტრიუმფი ყვლაზე მაღალ ხეზე აძვრა, დამოკიდებულება მის ჩრდილს შეეფარა და იქ დაიმალა. ვნება ვულკანის კრატერში გაუჩინარდა. გულმავიწყობაც დაიმალა სადღაც, მაგრამ ახლა რომ ჰკითხოთ აღარ ახსოვს სად. კეთილშობილებამ ბევრი იდეალური ადგილი მონახა დასამალად მაგრამ ყველა თავის მეგობრებს დაუთმო. სიყვარულმა ბევრი იხეტიალა და ვარდების ბუჩქნარში მიიმალა.

999 998, 999 999, მილიონი, დაიძახა სიგიჟემ, თვლა დაამთავრა, თვალები გაახილა და დანარჩენების ძებნას შეუდგა. პირველი სიზარმაცე იპოვა, რომელიც იქვე, მის უკან დაგდებულ ლოდს ეფარებოდა. ვნებაც ადვილად შენიშნა ამოფრქვეული ვულკანის ლავაში. სევდა მიყრუებულ ადგილას, გამოქვაბულში ნახა. სილამაზე გამჭვირვალე და ცქრიალა ნაკადულის ძირში იპოვა, იქვე კი ორჭოფობა იდგა ღობესთან და ვერ გადაეწყვიტა ღობის რომელ მხარეს დამალულიყო.

მოკლედ, სიგიჟემ ყველა მოთამაშე იპოვა სიყვარულის გარდა. სად არ ნახა, სად არ ეძება მაგრამ ვერსად მიაგნო. ბოლოს როგორც იქნა ვარდის ბუჩქნარს მიადგა, ხელით ტოტები გადასწია და ამ დროს ყვირილის ხმა შემოესმა. თურმე ვარდის ბასრი ეკლები სიყვარულს თვალებში შერჭმია. ასე დაბრმავდა სიყვარული. სიგიჟე ძალიან შეწუხდა. გრძნობდა რა დიდ პასუხისმგებლობას მომხდარის გამო, სიყვარულს დაპირდა: ამიერიდან გვერდიდან აღარ მოგშორდებიო. მას შემდეგ სულ ხელიხელჩაკიდებულნი დადიან სიგიჟე და სიყვარული.

No comments: