დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს.
გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ.
ყავა – დილის სინონიმია.
სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო.
სამსახური – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ.
მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ.
დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ.
სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები.
მამა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის.
სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება.
ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
გული – ის ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს.
მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ.
თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა.
პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს.
მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები.
თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს.
ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო.
ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის.
მონატრება – როდესაც ვეწევი და სიგარეტს ცალი მხარე ეწვება.
სასწაული – ის, რაც არასდროს არ ხდება.
ღმერთი – ის ვინც თუ ვთხოვ ყველაფერს მაპატიებს.
ლექსიკონი –წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან.
No comments:
Post a Comment